„ნაციონალები“ ქუთაისში აქტივისტთა „პატივისცემად“ ფულს არიგებენ?!
ქუთაისში არსებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მათი კოორდინატორებისათვის ხელფასების უკანონოდ გაცემასა
და ასევე, ფულადი რესურსის საშუალებით მხარდამჭერთა ახალი ნაკადის მოზიდვის მცდელობაზე
საუბრობენ.
„ნაციონალებს“ 5500-მდე კოორდინატორი ჰყავთ, რომლებსაც
ხელფასები დაურიგეს. ეს თანხა ხელზე გაიცა. არ არსებობს უწყისი, ხელმოწერა, არც საშემოსავლო
გადასახადი დაქვითულა. ასე, რომ ხელფასების გაცემის ფაქტი არსად ჩანს. 250 ლარი მიიღეს
მიკროკოორდინატორებმა, ხოლო კოორდინატორების ხელფასი უფრო მაღალია ,“ - ამბობს პარტია
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი
წულაია.
მმართველი გუნდის მიერ კანონდარღვევაზე საუბრობენ „ქართულ ოცნებაშიც“. კოალიციის ქუთაისის
შტაბის უფროსის ზაზა მეთაფლიშვილის თქმით,
„ნაციონალებმა“ 17, 18, 19 და 20 აგვისტოს ყველა უბანზე მიკროკოორდინატორებს 250 ლარი
დაურიგეს. „ასევე, ფულს არიგებენ მთელი ქალაქის მასშტაბით, მაშინ როდესაც ჩვენ ყველაფერი
დაგვიყადაღეს და გადახდისუუნაროები ვართ. გარდა ამისა, ვინც მათ შტაბში შეიხედავს და გამარჯობას იტყვის, ისინიც კი ფულს იღებენ, „ნაციონალების“
გუნდის წევრი რომ გახდნენ“ - ამბობს ზაზა მეთაფლიშვილი.
„newpress“- მა აღნიშნული
ინფორმაციის გადამოწმება ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეებთან სცადა, რომლებიც ასევე,
მიკროკოორდინატორები არიან, თუმცა მათ პარტიისგან ხელფასების მიღების ფაქტი უარყვეს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ორი
თვის წინ ამ უკანასკნელებმა მმართველი პარტიისგან
მოსახლეობის აღწერისა და მათი პოლიტიკური ორიენტაციის
კვლევის დავალება მიიღეს. აღნიშნული დავალების არსებობა ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეებმა newpress-თან საუბარშიც დაადასტურეს.
ხელფასების გაცემისა და ფინანსური რესურსის საშუალებით
მხარდამჭერთა მობილიზების მცდელობასთან დაკავშირებით უმრავლესობაში კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე