|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქცევის წესები პოლიტიკური პარტიებისთვის

პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნების დღეს ძალადობისა  და აგრესიის წახალისების აკრძალვა –  ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია,  რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს დაუწესდათ.  პოლიტიკური სუბიექტების მიმართ შემუშავებულ ე.წ. თამაშის წესებთან დაკავშირებით,  დღეს,  ქუთაისის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა.  დისკუსიას პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორტან ერთად დოკუმენტის ავტორებიც ესწრებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის– „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლისა და დოკუმენტის ავტორის ირაკლი მელაშვილის თქმით,  აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება იმისთვის გახდა საჭირო, რომ  არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს.

„ხშირ შემთხვევებში კანონებში არ იწერება ისეთი მუხლები, რომლებიც პოლიტიკურ კულტურას ეხება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე არის საუბარი. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეთავაზება გამიზნული იყო იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება  პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისროს პოლიტიკურ პარტიებს სიტყვისა თუ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. სწორედ ამ მექანიზმის შექმნაზეა საუბარი, რომ საზოგადოების წინაშე პარტიებს მეტი პასუხისმგებლობა გავუჩინოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ კი არ ვართ დამოკიდებული პარტიებზე, არამედ–პირიქით,“ – ამბობს ირაკლი მელაშვილი.

პოლიტიკური პარტიებისათვის შემუშავებული ქცევის წესების ავტორის თქმით, დოკუმენტზე ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშის ხელმოწერაა საჭირო. ამ ეტაპზე კი წესებზე დათანხმების სურვილი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოთქვა. დოკუმენტზე ხელმოსაწერად ელოდებიან მმართველი გუნდის პოზიციას. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე