|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში საკუთრების დაკანონების პრივილეგიით "ნაციონალები" სარგებლობენ"-აცხადებს მღვდელაძე

ქუთაისის მოსახლეობის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონების კუთხით ქალაქში არსებულ პრობლემებს დღეს, „ახლებმა“ ბრიფინგი მიუძღვნეს. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის მამუკა მღვდელაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული საკითხი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და მიწის დაკანონების სანაცვლოდ მოსახლეობას ხმები გამოსძალოს. მღვდელაძე იმაზეც საუბრობს, რომ საკუთრების დაკანონების პროცედურა მხოლოდ „ნაციონალებისათვის“ არის გამარტივებული.  

„არსებობს კანონი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევთ დაიკანონონ  ის ნაკვეთები, რომლებიც მათ სარგებლობაშია, გარდა ამისა, გვაქვს ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ქალაქში 1კვ.მ ფართის დაკანონებისთვის მოქალაქის მიერ  გადასახდელი  თანხის ოდენობას  განსაზღვრავს. თანხა სამ კატეგორიად იყოფა. პირველი ზონისთვის, ქალაქის ცენტრისთვის ის 6 ლარია. მეორე ზონისთვის, როგორიცაა ზასტავა ის 3.60 ლარს შეადგენს, ხოლო მესამე ზონისთვის, მაგალითად ავტოქარხნისთვის, ის  1.20 ლარია. აღნიშნულის შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას ინფორმაცია არ აქვს. ვინც გაიგო ამ წესების შესახებ და  მივიდა მიწის კომისიაში, იქ მიწის დაკანონების საკითხი გაუჭედეს. ჩემთვის ეს ისევე გაუგებარია, როგორც ის, 2  წლის განმავლობაში რატომ იყო შეჩერებული ქუთაისში  ფიზიკურ პირებზე მიწის გასხვისება?“,  – ამბობს მამუკა მღვდელაძე.

„ახლები“  მიწის კომისიას მოუწოდებენ დაიცვან კანონი, ხოლო  მოქალაქეებს იყვნენ აქტიურები, გამოიყენონ  წინასაარჩევნო პერიოდი და დაიკანონონ საკუთრება. . „რადგან ეს პროცესი  „ნაციონალების“ მხარდამჭერებისთვისაა გაადვილებული, იხმარონ  ეშმაკობა და თქვან, რომ არჩევნებზე მათ აძლევენ ხმას,“ – ამბობს მღვდელაძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე