|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დაგეგმილი „ნაციონალების“ ყრილობისთვის ხელისუფლება მხარდამჭერებს ითვლის

ქუთაისში, 1 სექტემბერს დაგეგმილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის, საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებსა და პარტიის აქტივისტებს ხალხის მობილიზება დაევალათ. აღნიშნულის შესახებ ცნობილი პარტიის აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიებიდან ხდება.  როგორც ირკვევა, პარტიის თითოეულმა აქტივისტმა  5 ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 5 ადამიანის მიყვანა უნდა შეძლოს. მმართველი პარტიის ყრილობაზე დამსწრე პირების სიასთან ერთად მან  ამ ადამიანების პირადი ნომრები და ფოტოსურათები უნდა წარადგინოს.

„ეს ამბავი ყველასთვის ცნობილია. საჯარო მოხელეებისა და პარტიის კოორდინატორების გარდა, დავალება პოლიციელებმაც მიიღეს.  ამ ადამიანებმა ყრილობაზე  დამსწრე პირების სიასთან ერთად, მათი  პირადი ნომრები და ფოტოსურათებიც უნდა წარადგინოს. ახლა დარბიან ენაგადმოგდებულები და ხალხს აგროვებენ,“ – ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

1 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის გამართვა ცენტრალურ მოედანზე იგეგმება. ყრილობისთვის ტერიტორიაზე სცენის მოწყობა უკვე დაიწყო.  არსებული ინფორმაციით, ამ დღეს პარტიის მაჟორიტარების წარდგენაც მოხდება. აქვე ცნობილი ხდება, რომ ყრილობაზე ქუთაისელთა დასწრების გარდა, ხელისუფლება ხალხის ჩამოყვანას რაიონებიდანაც უზრუნველყოფს.   

„როგორც ყოველთვის,  გამგეობებს ახლაც დაევალათ ხალხის  შეკრება, რომლებსაც შემდეგ პარტია საქალაქო ავტობუსებით ჩაიყვანს ღონისძიებაზე. უარის თქმა არ გამოდის.  ხალხიც  შეჩვეულია ყველგან რომ ეძახიან და ვისაც არ ეზარება, მიდის,“ – ამბობს პარტიის რაიონული აქტივისტი.

საჯარო მოხელეებისათვის ხალხის შეკრების კუთხით  გაცემულ დავალებას უარყოფენ ქუთაისის მერიაში. უმრავლესობის ერთ–ერთი წევრის დავით გოგისვანიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.

„ვერაფერს გეტყვით. პარტიის ყრილობაზე  ის ადმიანები იქნებიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს წარმოადგენენ და მის ხედვას იზიარებენ,“ – ამბობს გოგისვანიძე.  

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში გამართული ბოლო  ღონისძიება, რომლის დროსაც რაიონებიდან ხალსი ავტოუსებითა და მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს,  ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვა იყო. რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები მაშინ აცხადებდნენ, რომ   ღონისძიებაზე დასწრების შესახებ გაფრთხილება  რაიონული გამგეობების წარმომადგენლებისაგან მიიღეს. ხოლო გასულ კვირას,  ჭიათურაში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ახალგაზრდებს  „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებთან ერთად 150 ლარი დაურიგეს.  აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი  მალხაზ წერეთელი newpress-თან საუბრობდა. მისი თქმით, აღნიშნულ იტანხის სანაცვლოდ ახალგაზრდები პრეზიდენტთან ერთად სოფლიდან სოფელში უნდა გადაადგილებულიყვნენ.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე