ქუთაისის მერიაში წინასაარჩევნოდ პრემიები დაარიგეს?!
ქუთაისის მერიაში დასაქმებულებმა წინასაარჩევნოდ პრემიები
მიიღეს – აღნიშნულის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმოადგენლობაში
საუბრობენ. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, პრემიები იმისთვის
გაიცა, რომ მერიის თანამშრომლები წინასარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ იყვნენ დამოკიდებულნი.
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გასამარჯვებლად რომ
ხარჯებს არ იშურებს და მერიის ყველა თანამშრომელს
პრემიები დაურიგეს, ეს უკვე ცნობილი ფაქტია.
უნდათ, რომ ეს ადამიანები მიბმული ჰყავდეთ პარტიაზე. ამ ხელისუფლების პირობებში ამის დამადასტურებელი
რაიმე დოკუმენტის მოპოვება რთულია, მაგრამ
ჩვენ ვაპირებთ ოფიციალურად გამოვითხოვოთ ინფორმაცია გაცემული პრემიების შესახებ,“ – ამბობს გოგი წულაია.
ქუთაისის მერიაში წინასაარჩევნოდ თანამშრომლებისათვის
პრემიების გაცემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ,
კომპეტენტური პირი – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე, რომელსაც
აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება შეუძლია, საზღვარგარეთ მივლინებაში იმყოფება.
თოფურიძეს საქართველოში 3 სექტემბერს ელოდებიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე