|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო ადმინისტრაციამ ქუთაისში მუშაობა დაიწყო

ქუთაისში საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების პროცესი ამ დროისთვის დასრულებულია.  მუშაობას უკვე შეუდგნენ საუბნო სარჩევნო კომისიები. მათი მუშაობა ამ ეტაპზე იმაში გამოიხატება, რომ უბნებზე გამოიკრა ამომორჩეველთა სიები. ხოლო  დღის განმავლობაში ადგილზე  კომისიის მორიგე წევრი იმყოფება.  რაც შეეხება საუბნო  კომისიების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას, ქუთაისის #59  საოლქო კომისიაში აცხადებენ, ამის გაკეთება არჩევნებამდე 15 დღით  ადრე დაიწყება.

„26 აგვისტოს საუბნო კომისიებში პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩიეს. ყველა უბანზე მდივნები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან. მხოლოდ რამდენიმემ ავადმყოფობისა და დროის უქონლობის მიზეზით   უარი განაცხადა აღნიშნული მოვალეობის შესრულებაზე.  რაც შეეხება საუბნო კომისიების ტექნიკურად აღჭურვის პროცესს, არჩევნებამდე ჯერ დრო გვაქვს. არჩევნებს კი ყველა უბანი მომზადებული შეხვდება,“ – ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ოსეფაიშვილის თქმით, არჩევნების დღეს  უბნებზე იქნება ქსეროქსის აპარატი,  კომპიუტერი ან ლეპტოპი, სადაც ჩაიტვირთება ამომრჩეველთა სია და უბანზე შეცდომით მისულ ამომრჩეველს ადგილზე გადაამოწმებენ. ასევე, შესაძლებელია  უბაზე ფაქსის განთავსებაც.  გარდა ამისა, არჩევნების დღეს საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს კორპორატიული ნომრები ექნებათ და არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ცესკოს  ინფორმაციას სმს–ის საშუალებით მიაწვდიან.  

ქუთაისში სულ 127 საარჩევნო უბანია გახსნილი. აღნიშნული უბნები საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და კერძო სახლების შენობებშია განთავსებული. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე