გიორგი ახვლედიანი: „ქუთაისში ანტიქართული კედლის რღვევა არჩევნების დღეს დაიწყება“
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ქრისტიან–დემოკრატებმა“
დღეს პარტიის ყრილობა გამართეს, სადაც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაასახელეს. ქდმ–ს
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ახვლედიანის შტაბს ქუთაისური რაგბის ნაკრების
,,აიას“ მწვრთნელი დუგლას კავთელაშვილი უხელმძღვანელებს.
ოპერისა და ბალეტის თეატრში პარტიის აქტივთან ერთად ლიდერებიც შეიკრიბნენ. გიორგი
თარგამაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქდმ ქუთაისში
გამარჯვებას აპირებს.
,,ჩვენი პასუხისმგებლობა ქუთაისის მიმართ თუნდაც იმაში
გამოიხატება, რომ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი არის გიორგი ახვლედიანი, რომელიც ჩვენი ფრაქციის ლიდერია პარლამენტში. თავისი პარტიული
თანამდებობით ის მეორე პირია. ჩვენს ახალგაზრდა
ორგანიზაციას ამ ქაოტურ პოლიტიკურ ვითარებაში სწორედ ქუთაისი და იმერეთი დაუდგა გვერდით.
ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას ქუთაისში,“ – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
ქუთაისის
მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ახვლედიანმა თავისი გამოსვლისას ყურადღება ქუთაისში
არსებულ საცხოვრებელ პირობებზე, გაუმართავ სანიაღვრე – საკანალიზაციო სისტემებსა და
წყლის ტარიფზე გაამახვილა.
,,ქუთაისს დღეს ძალიან დიდი ანტიქართული კედელი ეღობება.
ჯერ კიდევ უამრავ ქუთაისურ ოჯახში კეთილდღეობა არ შესულა. ქუთაისში ყველაზე არაადეკვატური
წლის გადასახადია. ქუთაისში არ არის მოგვარებული საცხოვრებელი პირობები, სანიაღვრე
არხები, წლით მომარაგების პროცესი, საკანალიზაციო
სისტემები, ქუთაისში დღეს ტარდება მხოლოდ ფასადური რემონტი, რაც ადამიანების კეთილდღეობაზე
არანაირად არ აისახება. ჩვენ ამ კედელს ოთხი წელია ვშლით, მაგრამ სწორედ არჩევნების
დღეს დაიწყება ამ კედლის დაშლა. დაიხურონ ქუდი და აღარასოდეს აიღონ საქართველოზე პასუხისმგებლობა,
რომლებსაც ისინი ღირსეულად ვერ ატარებენ,“ – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე, ქრისტინა ქარჩხაძე