კულტურის მინისტრისთვის მსახიობების პრეტენზიები გაუგებარია
კულტურის მინისტრი ოსკარზე წარდგენილ ფილმ „მანდარინების“ შემოქმედებით ჯგუფს პასუხობს. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს ოსკარის ცერემონიაზე გასამგზავრებლად ის თანხა გამოუყო, რაც თვითონ მოითხოვეს და ახლა მსახიობების პრეტენზიები გაუგებარია.
„მიმდინარე საკითხები ჯგუფის ერთმნიშნელოვნად შიდაორგანიზაციული საკითხია. ასე ვთქვათ, პროდიუსერის გადასაწყვეტია. გამგზავრებასთან და საჭიროებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ბიუჯეტი სრულად დაფინანსდა, რაც შეეხება ამ ფაქტის დაფასებას და აღნიშვნას, შევთანხმდით, რომ მოვილაპარაკებთ ჯგუფის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ“, -განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძე
შეგახსენებთ, ოსკარზე წარდგენილი პირველი ქართული ფილმის, „მანდარინების“ შემოქმედებითმა ჯგუფმა კულტურის სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულა. მთავარი როლების შემსრულებლებმა გიორგი ნაკაშიძემ და მიშა მესხმა, შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ერთად, ხელისუფლებისაგან გამოყოფილი თანხის სიმცირე გააპროტესტეს.
ავტორი: ნიუპრესი