|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალებს“ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელება უჭირთ

„ნაციონალური მოძრაობის“  ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა საზოგადოებასა და მედიაში განხილვის საგანი ხდება. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ  მმართველი პარტიის ქვოტით ქალაქის მაჟორიტარობისათვის ქუთაისის  ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე იბრძოლებდა, რომელმაც მერის თანამდებობა 16 აგვისტოს დატოვა. მეორე მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით,   გიორგი  თევდორაძის ნაცვლად შესაძლოა,  „ნაციონალებმა“  არჩევანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და  პარტიული  სიის პირველ ნომერზე დავით ბაქრაძეზე შეაჩერონ.  

მაჟორიტარობის კანდიდატად  ოფიციალურად ჯერ არდასახელებული გიორგი თევდორაძის დავით ბაქრაძით ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ვერსიის ავტორად  „ქართული ოცნების“  ქუთაისის  მაჟორიტაობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე სახელდება. თუმცა როგორც კოალიციის ქუთაისის ოფისში განმარტავენ, სანიკიძეს დაზუსტებით არაფერი უთქვამს და მან მოქალაქეებთან შეხვედრის დროს ვარაუდის საფუძველზე უპასუხა ერთ–ერთი მოქალაქის კითხვას, რომელიც „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატით  დაინტერესდა.

გიორგი თევდორაძე, რომელიც მერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ საარჩევნო მარათონში ჩაერთო,  მოქალაქეებთან შეხვედრას დღესაც აწარმოებდა. მის მაჟორიტარობასთან დაკავშირებით ყოფილ მერს კონკრეტული პასუხი არ აქვს. მოქალაქეებთან შეხვედრებს კი  იმით ხსნის, რომ ის  „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რაც მისი თქმით,  საპასუხისმგებლო მოვალეობაა.

მეორე მხრივ, მოქალაქეებთან ერთ–ერთ შეხვედრაზე, რომელსაც გიორგი თევდორაძე ე.წ. ზასტავაზე“,  საკრებულოდან უბნის მაჟორიტარ დეპუტატ ტარიელ მესხთან ერთად ატარებდა, მოსახლეობის მიერ პრობლემების დასახელებისას მესხმა მათ ასე უპასუხა: „ეს კაცი ჯერ არის კანდიდატი. თუ აირჩევთ, პრობლემებს, მერე მოგიგვარებთ“. 

თავად ქალაქის ყოფილი მერი და მაჟორიტარობის პოტენციური კანდიდატი საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპონენტებს მოთმინებისკენ მოუწოდებს იმ დრომდე, ვიდრე მმართველი გუნდი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს.  

„ჩვენი პარტია ეს არი მონოლითური გუნდი, სადაც სკამებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ვინ იქნება ქუთაისის  მაჟორიტაორბის კანდიდატი ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან ბევრი სხვა პრობლემური საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი. მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. კანონით 31 აგვისტომდეა ცესკოში მაჟორიტარობის კანდიდატების რეგისტრაციისა და 5 სექტემბრამდე კორექტირების ვადები. ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, გულგრილი ვერ ვიქნებოდი ამ პროცესების მიმართ. მითუმეტეს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დღითიდღე მატულობს,“ – ამბობს გია თევდორაძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე