2015 წლის ბოლოსთვის "ენგურჰესის" სარეაბილატაციო სამუშაოები დაიწყება
2015 წლის ბოლოსთვის "ენგურჰესის" სარეაბილატაციო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა. ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, მის უწყებას ჰესის რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმა აქვს, რომლის განხორციელებაც წლის ბოლოსთვის დაიწყება.
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, პროექტები ამ სადგურის აგრეგატების რეაბილიტაციის და ამას ვიწყებთ 2015 წლის ბოლოსთვის. მოგვიწევს გარკვეული დროის განმავლობაში სადგურის გაჩერება, რათა სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნას ჩატარებული", - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება სხვა ჰიდროელექტროსადგურებს, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ისინი პრივატიზებულია და არის კერძო ბიზნესის ხელში. შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ-ია, ხოლო წლიური საპროექტო გამომუშავება – 4,3 მლრდ კვტ.სთ.
ენგურჰესმა 1978 წლიდან 2014 წლის ჩათვლით გამოიმუშავა 100 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი