,,ForexMan’’-ივაჭრე სავალუტო ბირჟაზე" - წერეთლის უნივერსიტეტში პროექტი მიმდინარეობს
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში პროექტი სახელწოდებით ,,ForexMan’’ - ივაჭრე სავალუტო ბირჟაზე“ მიმდინარეობს. პროექტი უნივერსიტეტის რექტორატის, სტუდენტური თვითმმართველობის, Microsoft - ის, ორგანიზაციების: ,,კრედო’’ და ,,კრისტალი’’, ასევე "ადმირალ მარკეტს", საბროკერო კომპანიის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მისი ავტორები ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფ. ნანა შონია და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრი, გაგა ჩიხლაძე არიან. ტრენინგებს საბროკერო კომპანიის ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი ნემსაძე, პროფესორი ნანა შონია და გაგა ჩიხლაძე უძღვებიან. კონკურსით შერჩეული 15 სტუდენტი, 1 კვირიანი ტრენინგის შემდეგ, 2 კვირის განმავლობაში, სტუდენტურ საცხოვრებელში იცხოვრებს და ივაჭრებს საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე. პროექტის მიზანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის FOREX - ის საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და მათთვის თვითდასაქმების ახალი შესაძლებლობის ჩვენებაა. პროექტის ბოლოს გამოვლინდებიან საუკეთესო მონაწილეები, რომლებსაც მხარდამჭერი ორგანიზაციები დააჯილდოვებენ. ფინალისტებს რეალური სავაჭრო ანგარიშები შევსებული ბალანსით და სერთიფიკატები გადაეცემათ.
ავტორი: ანა ჯიქია