|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორები სასწავლებლის ადმინისტრაციას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რექტორის საარჩევნო კამპანიიდან მმოქმედი რექტორის, გიორგი ღავთაძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ.  აქციის მონაწილეების თქმით, უნივერსიტეტში  უამრავი პრობლემა და დანაშაულებრივი ფაქტებიც კი არის, რომლებზეც  30 პუნქტიანი დასკვნა არსებობს, მათ შორისაა "მკვდარი სულების" და ყალბი დიპლომების საქმეებიც.

 ლექტორები ასევე სასწავლებელში ლექტორ-მასწავლებლებისთვის ჩატარებულ კონკურსს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კონკურსი უსამართლოდ ჩატარდა. ისინი უნივერსიტეტში ნეპოტიზმის არსებობაზეც საუბრობენ: "უნივერსიტეტში კონკურსი თუ  ვინმემ ვერ გაიარა,  უნივერსიტეტის ხელმძღვანელის ახლობლები იყვნენ, მაგრამ  მათთვის თავიდან დანიშნეს კონკურსი და ასე მიანიჭეს პროფესორობა", - განაცხადა პროფესორმა თამაზ ურიათმყოფელმა.  
"გამათავისუფლეს და მიიღეს მათთვის სასურველი კადრი, როგორც ეს ამ  უნივერსიტეტისათვის ჩვეულია. 21 წელი ვიმუშავე ჯერ ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაერთიანების  შემდეგ  წერეთლის უნივერსიტეტში, ასევე კერძო სასწავლებლეში.  როცა დავიწყე სამართლის ძებნა,  დაიწყეს ჩემი ლანძღვა და დავრჩი უმუშევარი. აქ მოვედი იმიტომ, რომ გავარკვიო, მაქვს  ჩემს ქალაქში მუშაობის უფლება, თუ არა", - განაცხადა უნივერსიტეტის ყოფილმა ლექტორმა,  მარეხი ყვავაძემ. 
აღნიშნულ ბრალდებთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ. 
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები აქციის გამართვას დღეს პარლამენტთანაც გეგმავენ.

ავტორი: ანა ჯიქია