|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საყდრისთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია იმსჯელებს

 საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საყდრისის თემა განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იქნება. ის რომ საყდრისის საქმეს გამოძიება და დახმარება სჭირდება, ამას არც უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე უარყოფს. მისი თქმით, პარლამენტმა აუცილებლად უნდა მოახერხოს საპარლამენტო კონტროლის განხორციელება.  ,,საყდრისთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა მოახერხოს საპარლამენტო კონტროლის განხორციელება. საყდრისი ეს არის თემა, რომელიც საზოგადოების დიდ ყურადღებას იმსახურებს. ამის შესახებ საგამოძიებო კომისია იმსჯელებს.  მთავარი ის არის, რომ მოხდეს გარკვევა, თუ რა სახის კულტურულ ძეგლთან გვაქვს საქმე და ეს საკითხი სამეცნიერო საკითხის ჭრილში გადავიდეს",-განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

  ,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, არსებობს ეჭვები, რომ კულტურის სამინისტროზე ზეწოლა ყოფილმა პრემიერმა მოახდინა.
  "პარლამენტმა პატივი უნდა სცეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ფაქტია და ვერ დაიმალება, რომ კანონდარღვევა თვალსაჩინოა. შეგახსენებთ,  რომ 2012 წელს გაცემულ ლიცენზიაში ის მონაკვეთი გაცემული არ არის და მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ქონდა. მისი გაცემა მოხდა დღევანდელი ხელისუფლების ხელში. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყოფილმა პრემიერმა კანონის დარღვევით მოახდინა კულტურის სამინისტროზე ზეწოლა და ფაქტიურად, დღეს ძეგლი აღარ არსებობს. აუცილებელია, პარლამენტმა აღნიშნული საკითხის შესწავლა მოახდინოს და შექმნას შესაბამისი კომისია. აქვე ვაცხადებთ იმასაც, რომ ჩვენ მხარს  დავუჭერთ  კომისიის ხელმძღვანელად "თავისუფალი დემოკრატების" მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე