|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მეოცნებე“ პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი გელა გოშაძე, რომელიც გენერალურმა ინსპექციამ გუშინ დააკავა, გვიან ღამით გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მან  3 000 ლარიანი გირაო 20 დღეში უნდა დაფაროს.  

გელა გოშაძეს, რომელიც იმერეთის სამხარეო და  ქუთაისის საქალაქო სამმართველოებში უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად 18 წლის მანძილზე მუშაობდა, ძალოვნებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენეს. (მან ძალოვანი სტრუქტურა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დატოვა). აღნიშნული დანაშული  მოქმედი კანონმდებლობით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გუშინვე ჩაატარეს სასამართლო და გელა გოშაძეს ხანდაზმულ დანაშაულზე დაუწყეს საუბარი.  არარსებული ოქმი დაუდეს, რომელსაც გელას ხელმოწერა არ ჰქონდა,  თუმცა მის გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ექსპერტიზა ძალოვნების სასარგებლო დასკვნას დადებდა. დაახლოებით ღამის 4 საათზე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ წუთებში ეს ადამიანი სახლში იმყოფება. ჩვეთვისაც ასე სჯობია, რომ გელა თავისუფალი იყოს, რადგან ოფისში გვჭირდება. თუმცა საქმე მხოლოდ გირაოს შეფარდებით არ დასრულებულა და გენერალური ინსპექცია  ძიებას  კვლავ აგრძელებს,“ - ამბობს „ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბის  ხელმძღვანელი ზაზა მეთაფლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გელა გოშაძე იმ 26 ადამიანს შორის ფიგურირებს, რომლებიც ძალოვნებმა  მიმდინარე წლის მაის-ივნისში ქუთაისში,  ამომრჩევლის  მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით  დასაკითხად დაიბარეს. თუმცა მაშინ გოშაძის დაკითხვა  გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. როგორც ზაზა მეთაფლიშვილი  ამბობს, იმ პერიოდიდან  ყოფილი პოლიციელის მიმართ  მუქარები და „მეგობრული“ გაფრთხილებები ხორციელდებოდა.

„აფრთხილბდნენ, რომ დაეტოვებინა კოალიცია. თუმცა ის ჩვენთან რჩება და აგრძელებს საქმიანობას,“ - ამბობს ზაზა მეთაფლიშვილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე