„მაგათ ხმებს მივცემთ კი არა, საფლავზე სანთლებს დავუნთებთ“
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. „კეჩის“
ბაზრობის
მოვაჭრეები
ქალაქში
გარევაჭრობის
აკრძალვას
ითხოვენ.
აღნიშნული
მოთხოვნით
მოვაჭრეები
დღეს
ქალაქის
მერიაში მივიდნენ და მერის მოვალეობის
შემსრულებელთან ირაკლი ჯიქიასთან შეხვედრა ითხოვეს.
როგორც „კეჩის“ ბაზრობის მოვაჭრეები აცხადებენ, მყიდველები პროდუქციას გარემოვაჭრეებთან იძენენ და
ბაზარში აღარ შედიან. რაც მათი პროდუქციის გაფუჭებასა და მოვაჭრების დაზარალებას იწვევს.
„გარემოვაჭრეები ამბობენ, არჩევნებამდე ჩვენ ხმას ვერავინ გაგვცემს, გარევაჭრობა დასაშვებიაო.
მასე თუ არის, წინ კიდევ ორი არჩევნები გვაქვს და მაშინ ჩვენ დავღუპულვართ. ბანკებიდან
სესხები მაქვს აღებული. გარა ამისა, ყოველდღიურად
5 ლარს ქვითრის ფულს ვიხდი. თუ არ ვივაჭრეთ, გადასახადებს ვერ გადავიხდი
და ოჯახშიც ხომ უნდა მივიტანო რამე. ვისაც არ უნდა კითხო, ყველა ამ
დღეში ვართ,“ – ამბობს ერთ–ერთი მოვაჭრე სვეტა ახვლედიანი.
მოვაჭრეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ქალაქში გარევაჭრობა
არ აიკრძალება, ისინი მასობრივი აქციებითა და გზების გადაკეტვით იმუქრებიან.
„თუ უყურადღებოდ დაგვტოვებენ, სამივე ბაზრის მოვაჭრეებთან
ერთად გზებს გადავკეტავთ და არ გავჩერდებით. არჩევნებზე ჩვენი ხმებიც კი სჭირდებათ. მაგათ ხმებს მივცემთ კი არა, საფლავზე სანთლებს დავუნთებთ,“
– ამბობენ უკმაყოფილო მოვაჭრეები.
ქუთაისში წინასაარჩევნო გარევაჭრობის დაშვების თაობაზე ვიდეომასალა newpress-მა გაავრცელა. სადაც გარემოვაჭრეები საუბრობენ, რომ მათ 1 ოქტომბრამდე გარევაჭრობას აღარ აუკრძალავენ, არჩევნების გამო. http://newpress.ge/index.php?page=4&staties_id=168
ქუთაისის მერიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნოდ ქალაქში გარევაჭრობის
დაშვება მოხდა. გარემოვაჭრეებზე კონტროლის შესუსტებას კი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომრავლებით ხსნიან.
მერიაში მისულ მოვაჭრებთან შესახვედრად ადგილობრივი
თვითმმართველობის არც ერთი ოფიციალური პირი არ გამოსულა. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას
მიიღებენ საკითხთან დაკავშირებით. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, „საკითხს
აუცილებლად შევისწავლი. ახლა მათთვის ნამდვილად
არ მცალია,“ – ამბობს ამირან ხვადაგიანი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე