აგროდაზღვევის განახლებული პროექტი იწყება
აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, ცვლილებები შევიდა.
2015 წელს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამას წელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. „მოგეხსენებათ, გასული წლის სექტემბერში დავიწყეთ აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი, რომელიც გათვლილი იყო ერთ წელიწადზე და მნიშვნელოვანი იყო შედეგის ანალიზის თვალსაზრისით. პოზიტიური შედეგი მივიღეთ, პრაქტიკულად, სამ თვეში. სწორედ ამიტომ, 2015 წლიდან, ჩვენ უკვე განახლებული მოდელით ვაგრძელებთ აგროდაზღვევის პროექტს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში დასრულდა კვლევის პირველი ეტაპი და BFC კონსალტინგისგან მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები საქართველოში აგროდაზღვევის მოდელთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე გავითვალისწინეთ ყველა ობიექტური და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. განისაზღვრა ლიმიტები და ყველა ის პირობა, რომელიც აქამდე არ იყო სრულყოფილი. შესაბამისად, ჩვენ უკვე აგროდაზღვევის ახალი პროექტით შევუდგებით მუშაობას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.
2015 წლისთვის აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიცენზირებულმა ექვსმა სადაზღვევო კომპანიამ - ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფი, ირაო, არდი, უნისონი - გამოთქვა.
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 15 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2014 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 21 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა კულტურა 19 ათას ჰა მიწის ფართობზე.
აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2015 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: ანა ჯიქია