პრეზიდენტი ზურაბ აბაშიძის განცხადებას ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი დილით ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. განცხადება გიორგი მარგველაშვილის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. მასში პრეზიდენტი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ევროპული არჩევნები არ გადაიხედება. პრეზიდენტი მოითხოვს, მკაფიოდ იქნას განსაზღვრული აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი.
"საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ისტორიული არჩევანი, რომელიც მტკიცედ განსაზღვრა და არაერთხელ დაიცვა ქართველმა ხალხმა. ეს არის ის ერთ-ერთი დაპირება, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის მანდატი მომანიჭა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი ნაკარნახებია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, მეტი დემოკრატიულობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად. ის ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ. დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო საქართველო მისაღები უნდა იყოს ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებითა და სტაბილურობით შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათი ანექსიისადმი გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად საქართველო ცდილობს შექმნას ის გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას და თუნდაც რაიმე სახის პოზიტიური ელემენტის გაჩენას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება როგორც ჟენევის, ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები. ვთვლით, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მოხდეს აბაშიძე-კარასინის და ჟენევის მოლაპარაკებების კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა,"- ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი