|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახლები“ ქუთაისის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის გაზრდის ინიციატივით გამოდის „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე. მისი განცხადებით, საშემოსავლო და მოგების გადასახადის 50% ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა დარჩეს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თვითმმართველობის ბიუჯეტს. აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში კი, ბიუჯეტის წინასწარ დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა იქნება შესაძლებელი.  ამასთანავე, გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია.

,,ქუთაისში ბიუჯეტის მხოლოდ ერთი მესამედი იგეგმება, 30–36 მილიონის ფარგლებში. დანარჩენი თანხა მოდის მიზნობრივი ტრანსფერის სახით, რაც ხმარდება პიარ–პროგრამებს. ჩვენი ინიციატივაა, გაიზარდოს ბიუჯეტი, საშემოსავლო და მოგების გადასახადის 50% დარჩეს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში და თავიდანვე გვეცოდინება დაახლოებით 120 – 130 მილიონის ფარგლებში, როგორ განვკარგოთ ბიუჯეტი და თავიდანვე დავაგეგმარებთ სწორად“ – აღნიშნა მამუკა მღვდელაძემ.

მამუკა მღვდელაძის თქმით, 2010 წლამდე საშემოსავლო და მოგების გადასახადის 100%  ადგილობრივ ბიუჯეტში რჩებოდა.

ქუთაისის ბიუჯეტი, 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით 63 მილიონ 700 000 ლარს შეადგენს. აქედან 36 მილიონი თავდაპირველად განსაზღვრული თანხაა, ხოლო დანარჩენი წლის მანძილზე ტრანსფერის სახით მიღებული თანხებია ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომელიც მღვდელაძის თქმით, ხელისუფლების სურვილის მიხედვით იხარჯება. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე