|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში საჯაროდ მხოლოდ ბანერებზე წარადგინეს

„ნაციონალების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი  გიორგი თევდორაძე, რომელმაც  საარჩევნო მარათონი დაახლოებით ორი კვირის წინ გახსნა, მმართველ გუნდს საჯაროდ ამ დრომდე  არ წარუდგენია. სამაგიეროდ, „ნაციონალების“  პარტიულ სიაში ქუთაისის  ყოფილ მერს მეხუთე ადგილი უჭირავს. ხოლო მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ის ცესკოში დაარეგისტრირა, ყოველგვარი აფიშირების გარეშე.

გარდა ამისა, ქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდა ბანერები გიორგი თევდორაძის გამოსახულებითა და ხალხისთვის „მეტი სარგებლის“ დაპირებით.

როგორც ქუთაისის  #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი ამბობს, კანონი იძლევა იმის საშუალებაა, რომ  მაჟორიტარობის კანდიდატის  შესახებ განაცხადი თავდაპირველად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შევიდეს.

„დღეს, 3 სექტემბერს,  საღამოს ექვსი საათისთვის ცესკოდან  მაჟორიტარობის კანდიდატების დოკუმენტაციას ველოდებით.  ჩვენ შევისწავლით მათ და თუ რაიმე დარღვევა არ აღმოჩნდება, კანდიდატებს  6 სექტემბრამდე გავატარებთ რეგისტრაციაში,“ – ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ თევდორაძე ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც საარჩევნო კამპანია  საჯაროდ წარდგენის გარეშე დაიწყო. მერის პოსტიდან გადადგომის  შემდეგ ის ქალაქის მოსახლეობას ხვდება და დაპირებებს გასცემს. თავის მხრივ,  იმის გასარკვევად, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაუჭერენ თუ არა მხარს ქუთაისლები „ნაციონალების“  კანდიდატს,  ხელისუფლებამ გამოკითხვა უკვე ჩაატარა.

არსებული ინფორმაციით, ყოფილი მერის  მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა, 8 სექტემბერს, ქუთაისში დაგეგმილ  „ნაციონალების“ ყრილობაზე იგეგმება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე