|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საბჭოთა გადმონაშთებს უკვალოდ არ აქრობენ

ქუთაისში, ნინოშვილის სკვერში საბჭოთა მემორიალურ ძეგლს, მემორიალური დაფა  ჩაანაცვლებს.

საუბარია, ნინოშვილის ბაღში მდებარე სამამულო ომის მემორიალურ ძეგლზე, რომლის დემონტაჯი ქუთაისის მერიამ დღეს დაასრულა. უკვე ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული მემორიალური ძეგლის ადგილას ომში დაღუპულთა  მემორიალური დაფა გაიხსნება.

„ის მემორიალი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. ახლა მაგას დაემატება აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალიც, რომელიც ერთიან მემორიალურ დაფაზე განთავსდება“, – განუმარტა newpress.ge–ს  ქუთაისის  მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელემა თამაზ გიორგაძემ. აღსანიშნავია, რომ არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში სკვერიდან აღებული ძეგლის შესახებ ინფორმაციის მოძიება მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც ამასთან დაკავშირებით  შეკითხვით newpress -მა  მიმართა.

ნინოშვილის სკვერიდან საბჭოური გადმონაშთის დემონტაჟს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ facebook-ში.

დაადგა საშველი ქუთაისში ივანოვ-მარდალეიშვილის ძეგლის დემონტაჟს“ – ამბობს ქუთაისის "ლიბერალური კლუბის" წევრი გოჩა ჩხეტია. თუმცა, როგორც ჩხეტია ამბობს, აღნიშნული ძეგლი არა სამამულო ომში დაღუპულების ხსოვნას არ ეძღვნებოდა, არამედ „ნაკლებად ცნობილ რევოლუციონერებს,  ივანოვს და მარდალეიშვილს, ისეთივე უსახურებს, როგორიც კიკვიძე იყო“, – ამბობს გოჩა ჩხეტია.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ე.წ. „ზასტავაზე“  კიკვიძის ძეგლი დღემდე დგას.  მოსახლეობის  მხრიდან ძეგლის დემონტაჟის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, საბჭოთა მემკვიდრეობისთვის ხელი ჯერჯერობით არ უხლიათ.

რაც შეეხება ნინოშვილის სკვერში მდებარე სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალს, მისი დემონტაჟი მერიამ გუშინ დაიწყო და ამდროისათვის უკვე დასრულებულია. ძეგლის დემონტაჯის გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ აღნიშნული სკვერის კეთილმოწყობის მიზნით მიიღო. 

ავტორი: თეკლა მორგოშია