ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით
25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღნიშნავენ, ამ დღეს საქართველო იმ იუნკერებს და პატრიოტებს ხსოვნას მიაგებს პატივს, ვინც სამშობლოს დასაცავად წითელარმიელებთან ბრძოლაში თავი გაწირა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, რომელმაც ხაზი გასუვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს გარკვეული ნაწილი დღეს ისევ ოკუპირებულია და რომ ხელისუფლება ყველა მშვიდობიან ბერკტეტს გამოიყენებს ქვეყნის გასაერთიანებლად.
,,ნიუპრესი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 94 წლის წინ ქართველი იუნკერებისა და პატრიოტების თავგანწირვამ ვერ იხსნა ჩვენი სამშობლო წითელი ოკუპაციისაგან და საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა ტრაგიკულად დასრულდა.
საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანმა მმართველობამ დამანგრევლად იმოქმედა ჩვენს ქვეყანაზე, ერის საუკეთესო ნაწილი შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამკვდარა ხალხში, არასოდეს შეწყვეტილა თავისუფლებისათვის ბრძოლა.დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ეს მრავალი თაობის თავდადების შედეგია. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.
საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასაერთიანებლად. მჯერა, ჩვენ შევძლებთ მომავალ თაობას დავუტოვოთ გამთლიანებული და წარმატებული სახელმწიფო". - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
დღეს ყველა სამთავრობო შენობაზე დაშვებულია დროშები, ხოლო ტაძრებში დაღუპულთა სულისმოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინება.



ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა