ქუთაისის განათლების რესურსცენტრის დირექტორს სახელმწიფოს ფულის ფლანგვაში ადანაშაულებენ
სახელმწიფოს ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს ქუთაისის განათლების რესურსცენტრის დირექტორს ბადრი ვაშაკიძეს " თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. როგორც მან განაცხადა, ვაშაკიძეს ორჯერ აქვს სახელმწიფოდან დისციპლინარული სასჯელი მიღებული და სახელმწიფო ნივთებს პირადი მიზნებისთვის მოიხმარს. მან ორჯერ გატეხა სახელმწიფოს მიერ ნაყიდი მობილური და ხარჯები სახელმწიფოს აანაზღაურებინა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბადრი ვაშაკიძე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის ახლობელია, რითაც ის ბოროტად სარგებლობს. "ადამიანი რომელიც თავის მობილურს არ უვლის და ორჯერ გატეხავს ერთი თვის განმავლობაში, როგორ ვაბარებთ ამხელა განათლების სისტემას და ბავშვების ბედს, ნამდვილად საინტერესოა, მაქვს დოკუმენტები, თუ როგორ იყენებს სახელმწიფო სამსახურის მანქანას საკუთარი მიზნებისთვის, თუ როგორ დაამტვრია და სახელმწიფოს აანაზღაურებინა ეს ხარჯები", -განაცხადა გოგი წულაიამ.
" ნიუპრესი" ქუთაისის განათლების რესურსცენტრის დირექტორს ბადრი ვაშაკიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს პოლიტიზირებული ბრალდებებია: "ჩემთვის არ იყო ცნობილი, თუ სამსახურეობრივი ავტომობილის პირადი მოხმარებისთვის სარგებლობა დარღვევად ითვლებოდა. ამის გამო დისციპლინალური სასჯელი უკვე მივიღე და არ არის საჭირო ამ ფაქტის პოლიტიზირება. კალაძესთან ჩემი ნათესაური კავშირი სრული დეზინფორმაციაა. რაც შეეხება ტელეფონის შეკეთებას, ნადვილად გადახდილია, რადგან ეს ტელეფონი სამსახურებრივი არის, მაგიდიდან გადმომივარდა და დაჭირდა შეკეთება"- განმარტავს ვაშაკიძე."
ბადრი ვაშაკიძეს საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან დისციპლინალური დარღვევისთვის გაფრთხილება ორჯერ აქვს მიღებული.
2015 წლის 12 და 15 იანვარს კი ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსს დისციპლინალური სასჯელის ფარგლებში 10 დღის ხელფასი დაუკავდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი