გიორგი ახვლედიანი: ,,ქვეყანაში არ არსებობს მრავალშვილიანობის პოლიტიკა“
ქუთაისში მცხოვრები ჯამაძეების მრავალშვილიანი ოჯახი
ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
ჯამაძეების ექვსსულიანი ოჯახი წლებია „პასილოკის“ დასახლებაში,
37 კვადრატულ მეტრ ფართში ცხოვრობს. მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც ოთხი მცირეწლოვანია,
სახელმწიფოსგან მხოლოდ ერთჯერად დახმარებას იღებს. ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო
სოციალური დახმარების თანხაა, რომელიც თვეში 150 ლარით განისაზღვრება. ოჯახის მძიმე
საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი სოციალურად დაუცველი
ოჯახის სარეიტინგო ქულა 9720 შეადგენს.
ჯამაძეების ოჯახში ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას
უჩივიან და ამბობენ, რომ მათი პრობლემებით არ ინტერესედებიან. ოჯახი ყოველთვიურ დამარებას
ითხოვს, რათა ჰემოფილიით დაავადებული მცირეწლოვანი შვილისთვის მედიკამენტების შეძენა
მაინც შეძლოს.
,,ძალიან პატარა ფართში მიწევს ოთხი შვილის გაზრდა.
არ გვაქვს არანაირი დახმარება. სოციალურ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ არაფერში გვყოფნის.
მეუღლე უმუშევარია. დაგვპირდნენ დასაქმებას, მაგრამ ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვართ“
- აღნიშნა მერი ჯამაძემ.
ჯამაძეების ოჯახის პრობლემით ,,ქრისტიან - დემოკრატების“
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი დაინტერესდა. მისი განცხადებით,
ქვეყანაში არ არსებობს მრავალშვილიანობის პოლიტიკა, რომელიც მსგავსი კატეგორიის ადამიანების
დახმარებას გაითვალისწინებს. ასევე, არ არსებობს სოციალური საცხოვრებლები, სადაც მძიმე
საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები შეძლებენ საცხოვრებელი
პირობების გაუმჯობესებას.
,,პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს მრავალშვილიანობის
პოლიტიკა და არ დაადგა საშველი ამ ქვეყანაში, რომ მრავალშვილანი ოჯახების უზრუნველყოფა
მოხდეს. წელიწადში ერთხელ, ერთჯერად დახმარებას იღებენ ეს ადამიანები. ქუთაისში არ
არსებობს ასევე სოციალური საცხოვრისის პოლიტიკა, იდეაც კი არ არის ჩანასახის დონეზე.
ეს პოლიტიკა ძირეულად უნდა შეიცვალოს“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე