|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლელმა "რესპუბლიკელებმა" პარტია დატოვეს

,,ჩვენ ვტოვებთ ,,რესპუბლიკურ" პარტიას, რადგანაც არ გვინდა, რომ მოღალატეებად ვითვლებოდეთ" - ამ სიტყვებით თერჯოლელმა ,,რესპუბლიკელებმა" პარტია დატოვეს და აღნიშნულის მიზეზებზე ,,ნიუპრესის" ოფისში გამართულ  ბრიფინგზე ისაუბრეს.

 როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტეს, პარტიის დატოვების მიზეზი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის, ავთანდილ ჩუბინიძის მიმართ, საკრებულოს ,,რესპუბლიკური" პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან გამოჩენილი უნდობლობა გახდა. თერჯოლაში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ორ თვეზე მეტია ვაკანტურია და მიუხედავად, რიგით მესამე მცდელობისა, კვლავ ვაკანტურად რჩება.
  ,,საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ,,ოცნების" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა, ამის მიზეზი კი საკრებულოში ,,რესპუბლიკელების" მანდატით შემავალი წევრების მიერ დასახელებული კანდიდატურისთვის მხარდაჭერაზე უარის  თქმა გახდა. სწორედ ამის გამო ,,რესპუბლიკური" პარტიის თერჯოლის ორგანიზაციის დამფუძნებლები და რიგითი წევრები, მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს, სტატუსი შეგვიჩეროს, რადგანაც ჩვენ არ გვინდა ,,ქართული ოცნების" მოღალატეებად გამოვჩნდეთ", - განაცხადა სოლომონ დათუაძემ.
   შეგახსენებთ, თერჯოლის საკრებულოს კანდიდატურაზე ავთანდილ ჩუბინიძის კანდიდატურა განიხილება. კანდიდატურის თანამდებობაზე დასამტკიცებლად საკრებულოს წევრთა 18 ხმა არის საჭირო, თუმცა ჩუბინიძემ მხოლოდ 14-ის მოგროვება შეძლო. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე