თეატრალური პრემიერა – აქცენტით სიყვარულზე
დღეს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.
კლოდ მანიეს პიესის, „ბლეზი“, დადგმას დიპლომანტი რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი განახორციელებს.
აღნიშნული სპექტაკლი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის თეატრისა
და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის „დიპლომანტი რეჟისორები რეგიონის
თეატრებში“, ფარგლებში ხორციელდება.
სპექტაკლში ძირითადად ახალგაზრდა მსახიობები არიან დაკავებულნი. „ბლეზი“ თბილისელი რეჟისორისა და მესხიშვილის თეატრის
დასის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. „თავად ავირჩიე ქუთაისი, ვიცნობდი აქაურ ატმოსფეროს,
რამოდენიმე სპექტაკლიც ნანახი მქონდა, მსახიობებსაც ვიცნობდი, ჩემი თაობის ბავშვები
არიან. ამიტომ ვარჩიე ქუთაისში ჩამოსვლა, რაც ასე თუ ისე გამართლდა“, – ამბობს რეჟისორი
დავით ჩხარტიშვილი.
აღნიშნულ პიესაზე არჩევანს დავით ჩხარტიშვილი ასე ხსნის: „დაგვღალეს მძიმე
თემებმა, ცოტა მეტი სიყვარული და სითბო გვინდა. ამიტომ სპექტაკლში წინ წამოვწიეთ სიყვარულის
თემა, სიყვარულზე გადავიტანეთ აქცენტი“, – ამბობს რეჟისორი.
სპექტაკლის ავტორები მაყურებლებს სიურპრიზსაც პირდებიან.
„ვეცდებით გამოვიდეს მსუბუქი სანახაობა, დაღლილი მაყურებელი სამსახურიდან რომ მოვა
დაჯდეს, ცოტა გაიცინოს, ცოტა სევდა მოედოს გულზე. რაღაც საიდუმლოებებსაც გავუმხელთ და ცოტა სიურპრიზსაც
მოვუმზადებთ“, – ამბობს დავით ჩხარტიშვილი.
მესხიშვილის თეატრში „ბლეზი“–ს პრემიერა 19:00 საათზე
დაიწყება.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი