|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნას სამგლოვიარო მარში მიუძღვნეს

მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად  სამგლოვიარო მარში დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაიცით, კოლონას მოქალაქეები ნემცოვის პორტრეტებით, რუსეთის დროშებითა და ყვავილებით მიუძღვებიან. მარშის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ ხელში, მათ შორის: "პროპაგანდა კლავს", "არ მეშინია", "ის ჩვენი მომავლისთვის იბრძოდა", "გმირები არ კვდებიან"...
მსვლელობის მონაწილეებს შორის არიან რუსეთის დუმის დეპუტატები: დიმიტრი გუდკოვი, გენადი გუდკოვი და მიხეილ კასიანოვი.
მოსკოვის პარალელურად სამგლოვირაო მარში სანკტ-პეტერბურგშიც მიმდინარეობს. 
რუსი ოპოზიციონერები პირველ მარტს ანტიკრიზისული მარშის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, ნემცოვის მკვლელობის გამო აქციის გამართვა გადაიდო. მოგვიანებით ორგანიზატორებმა მოსკოვის მერიაში მოლაპარაკებები გამართეს და დედაქალაქის მთავრობა ანტიკრიზისული მსვლელობის ნაცვლად სამგლოვიარო ღონისძიების ჩატარებაზე დაითანხმეს.
ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში ორი დღის წინ მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ავტორი: ნიუპრესი