საყდრისთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა
საყდრისთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა. ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კულტურის სამინისტროს საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების გადახედვა დაევალა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი შეუწყდა. სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კულტურის სამინისტროს და ყველა იმ საჯარო უწყებას, რომელიც საჩივრის მონაწილეა, 21-დღიან ვადაში შეუძლია გაასაჩივროს. "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენლის ნინო გუჯარაიძის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა უკანონო იყო.
"სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კულტურის სამინისტრომ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის დროს არ დაიცვა სამართლებრივი პროცედურები. კერძოდ, საკითხი არ იყო სრულფასოვნად შესწავლილი და ძეგლს ისე გაუუქმდა სტატუსი", - განაცხადა ნინო გუჯარაიძემ.
"სწორად გავიგოთ, რაზეა საუბარი. ამ გადაწყვეტილებაში სტატუსთან დაკავშირებით საუბარი არ არის. საუბარია წინამდებარე ადმინისტრაციული აქტების გაუქმებაზე, რაც ჩემი ბრძანებით ისედაც გაუქმებულია. ამიტომ წმინდა ტექნიკური დეტალებია, რომელიც საქმის შინაარსობრივ მხარეზე გავლენას არ მოახდენს. ის, რასაც სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გვავალებს, ჩვენ თვითონვე გვაქვს განხორციელებული", - განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.
ავტორი: ნიუპრესი