პატიმრების მშობლებმა სააპელაციო სასამართლოს წინ აქცია გამართეს
,,შვილებო, ამოკერილი ჯიბეებით იარეთ“, ,,თავისუფლება უკანონო პატიმრებს“, ,,აღდგეს სამართლიანობა“ - აღნიშნული ლოზუნგების ფონზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც პატიმრების, ბესიკ გოგოლის და დავით სიჭინავას მშობლები აცხადებენ, მათი შვილები უკვე 6 თვეა ქუთაისის მეორე საპყრობილეში, უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. მათი განცხადებით, მათ შვილებს დაკავების დროს ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინი ჩაუდეს. მშობლების განცხადებით, მათ ამბის გაუხმაურებლობის სანაცვლოდ, ფოთის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებისგან საპროცესო გარიგების დაპირება მიიღეს, თუმცა პირობა არ შეასრულეს და მათი შვილები დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
,,ჩვენი შვილები უკანონოდ დააკავეს, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით სხვადასხვა ინსტანციებს რამდენჯერმე მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. ჩვენი შვილები 18 თებერვლის შემდეგ შიმშილობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდადაა. მოვითხოვთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება და აღდგეს სამართლიანობა“, - განაცხადა ნინო გოგოლმა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე