|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ნაციონალების“ კოორდინატორები დევნილებს ბინიდან გასახლებით ემუქრებიან?!

ქუთაისში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები სასტუმრო ,,თბილისში“ ჩასახლებულ დევნილებს ხმის მიცემას აიძულებენ და სპეციალურ საბუთზე ხელის მოწერას სთხოვენ. ამის შესახებ სასტუმროში ჩასახლებული დევნილები საუბრობენ. მათი განცხადებითა, ამავე დასახლებაში მცხოვრებმა ,,ნაციონალების“ კოორდინატორებმა, ნანული ჩაჩხალიამ და მედიკო ფოჩხუამ მუქარით დევნილების დაშინება სცადეს.

,,საღამოს 6 საათისთვის ,,ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ნანული ჩაჩხარია და მედიკო ფოჩხუა დადიოდნენ, დევნილებს აწერიებდნენ ხელს, რომ არჩევნების დროს შემოხაზონ 5–იანი. როცა მე შევხვდი, მითხრეს რომ თუკი ხელს არ მოვაწერდი ,,ნაციონალების“ მხარდასაჭერ საბუთს, ბინიდან გამასახლებდნენ. შეშინებულმა მოსახლეობამ ხელი მოაწერა, რადგან არავის სურს მეორედ გახდეს დევნილი“ - აღნიშნა სასტუმრო ,,თბილისში“ მცხოვრებმა დევნილმა ვეფხია გონგლაძემ.

სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრები დევნილების ნაწილი ამ თემაზე საუბარს გაურბის. ისინი „ნაციონალების“ კოორდინატორების მხრიდან დაკითხვის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხელის მოწერას უარყოფს.

,,მედიკო და ნანული მოვიდნენ და გვკითხეს, ვის აძლევთ ხმასო. ხელი არაფრზე მოგვიწერია, უბრალოდ აინტერესებდათ ვის ვუჭერთ მხარს. მე ვისაც მინდა იმას მივცემ ხმას“ - ამბობს დევნილი რომან თუთბერიძე.

ძალადობის ფაქტს უარყოფენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები. როგორც ისინი ამბობენ, მათი მოვალეობა მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანების აღწერაა.

,,არავის ძალას არ ვატანთ და ხელმოწერებს არ ვაგროვებთ. აღწერა მევალება ადამიანების. არ  ვმალავ, ვარ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. აღვწერ, მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრი ვის მისცემს ხმას“ - აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინარტორი მედიკო ფოჩხუა.

,,ნაციონალური მოძრაობის“ მეორე კოორდინატორმა, ნანული ჩაჩხალიამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და პროტესტის ნიშნად, ბინის კარი ჩაკეტა. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე