უჩა ნანუაშვილი: "დედობის დაცვა მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს"
"სრულიად საქართველოს ვულოცავ დედის დღეს, რომელიც საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება, თუმცა დედის დღის მსოფლიო ისტორიას უფრო ადრეული საწყისები გააჩნია. ამ დღის აღნიშვნა ქალთა ისტორიის თვის – მარტის ფარგლებში ექცევა, როდესაც ვიხსენებთ ქალთა განუზომელ წვლილს დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესში“-საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებაში, რომლითაც სრულიად საქართველოს ქალებს დედის დღეს ულოცავს.
უჩა ნანუაშვილის თქმით, დედობის დაცვა და მხარდაჭერა ქვეყნისა და
საზოგადოების მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, აუცილებელია მათი დაცვა
ძალადობრივი გარემოდან. სახალხო დამცველის განმარტებით, სახელმწიფოს ვალია განსაკუთრებული ზრუნვის საგნად აქციოს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების
დაცვა, ასევე მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი და სიღარიბის
ზღვარს მიღმა მყოფი დედების დაცვა. განსაკუთრებული გაგებას საჭიროებს პატიმარი დედებისა და მათი შვილების საჭიროებები, ასევე ხელისშეწყობა ჭირდება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა დედებს.
„მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს
დაიწყოს შესაბამისი პროცედურები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის
დაცვის კონვენციის რატიფიცირების მიზნით და უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი
განხილვების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური მონაწილეობა",- ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი