|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაღუპული გმირების დედებს სამადლობელი სიგელები გადასცეს

დედის დღე აღნიშნეს გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის  კადეტა სამხედრო ლიცეუმში, სამი მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა კადეტებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს.

ღონისძიებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების დედებიც ესწრებოდნენ. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გმირ დედებს საამაყო შვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადა. 20 დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დედას ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით სამადლობელი სიგელები პირადად ქალაქის მერმა გადასცა. ,,მინდა ყველა დედას და განსაკუთრებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული შვილების დედებს მივულოცო დღევანდელი დღე. ესენი არიან სახელოვანი შვილების აღმზრდელი დედები და  გმირების  ხსოვნის პატივისცემისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვფიქრობ, დღევანდელმა ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიარა“,- აღნიშნა შოთა მურღულიამ.

,,დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, როდესაც ვუყურებდი ამ ახალგაზრდა ბიჭების გამოსვლას სცენაზე და ასე კარგად შესრულებულ ნომრებს, მქონდა განცდა, რომ ჩემი შვილიც იდგა მათ გვერდით,  მინდა ყველა დედას მივულოცო დღევანდელი და  დღე ვუსურვო ერთიან საქართველოში ცხოვრება, ღმერთმა ქნას, რომ სამშობლოსათვის შეწირული ჩვენი შვილების სისხლი ყოფილიყოს უკანასკნელი და გვეცხოვროს ერთიან და ძლიერ საქართველოში“,- აღნიშნა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, დავით გამთენაძის დედამ მაგული გამთენაძემ.


 

ავტორი: ეკა შალამბერიძე