|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფოტოკორესპონდენტის ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი  დააკავეს, მას ბრალად  ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით,  უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების, ან განადგურება ედება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 4 მარტს, საღამოს, თბილისში, ვარდების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს, ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ფოტოკორესპონდენტმა სხეულის დაზიანებები მიიღო და ასევე დაზიანდა მისი ფოტოაპარატი. დაკავებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ივანე ბეგიაშვილი მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

აქციის ორგანიზატორები  მომხდარის გამო ირაკლი გედენიძეს ბოდიშს უხდიან.

ავტორი: ნიუპრესი