პაატა კლდიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს
გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსად "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილის დანიშნის შესახებ, კლდიაშვილი ნაწილობრივ ადასტურებს. როგორც მან „ნიუპრესს“ განუცხადა, გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად არ არის მიღებული, თუმცა ამ საკითხზე მასსა და ქალაქის ხელმღვანელობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. კლდიაშვილი ამ ეტაპზე ქალაქის ეკონომიური განვითარების შესახებ მის ხედვებზე არ საუბრობს, სამაგიეროდ მისი წარსული საქმიანობის შესახებ დადებით შეფასებას აკეთებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ კლდიაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით ხელმღვანელობდა იმერეთში ,,ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია"-ს და იყო სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე ატიური წევრი.
რაც შეეხება ,,ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმღვანელობას, ეს პოსტი კლდიაშვილმა უკვე დატოვა და 1 მარტიდან ამ მოვალეობას ლევან ოყრეშიძე ასრულებს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აღნიშნული
სამსახურიდან სოსო გაბრიჭიძე სპორტის ააიპ-ში გადაიყვანეს.
ავტორი: იზა მოდებაძე