|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გვითხრეს: ოცნებობთ, ხომ ბიჭებო, კარგად გაოცნებებთო“

„ქართული ოცნების“ წყალტუბოელი აქტივისტის გიორგი  ბაბუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ის სამართალდამცავებმა კიდევ ერთ აქტივისტთან, ბექა გიორხელიძესთან ერთად, 6 სექტემბერს, ქუთაისში, ბერა ივანიშვილის კონცეტრის დასრულების შემდეგ დააკავა.

სამართალდამცავებმა ბექა გიორხელიძე დღეს, 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გაათავისუფლეს, ხოლო მეორე დაკავებულის, გიორგი  ბაბუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. „ოცნების“ აქტივისტების დაკავების  შესახებ   „ქართული ოცნების“ წყალტუბოს შტაბის უფროსმა ნატო ქათამაძემ გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა. 

„ნაციონალების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა წყალტუბოში აკაკი ბობოხიძემ თავისი ბრჭყალები  გამოაჩინა. დაიწყო „ოცნების“  აქტივისტებზე ზეწოლა.  ის უკვე პოლიციით გვაშინებს. ბერას კონცერტის დამთავრების შემდეგ, პოლიციელებმა უკანონოდ აიყვანეს ახალგაზრდა აქტივისტები და სამხარეო პოლიციაში წაიყვანეს. მართალია, ბობოხიძე კუნთმაგარი დეპუტატია და ეს უკვე მრავლგზის გამოცდილია, მაგრამ ჩვენ მისი არ გვეშინია! ჩვენ  მას  სიტყვით შევებრძოლებით!“ – განაცხდა ბრიფინგზე ნატო ქათამაძემ. როგორც  ქათამაძე განმარტავს,  კოალიციის წევრებმა „ოცნების“ აქტივისტის დაკავების შესახებ მას შემდეგ გაიგეს,  რაც ბექა გიორხელიძემ გათავისუფლების შემდეგ,  13–საათიანი  დაკავების შესახებ კოალციის წყალტუბოს შტაბში განაცხადა.

„გადავწყვიტე ეს საქმე გამეხმაურებინა, რადგან ვთვლი, რომ მხოლოდ გახმაურების შედეგად თუ დავეხმარებით გიორგი ბაბუნაშვილს. ჩვენ ერთად აგვიყვანეს და ორივე პოლიციის შენობაში მიგვიყვანეს.  მე  მთელი ღამის განმავლობაში მკითხავდნენ და მხოლოდ 13–საათიანი პატიმრობის შემდეგ გამომიშვეს.  ხოლო ბაბუნაშვილს ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით“, – ამბობს  ბექა გიორხელიძე. 

როგორც გიორხელიძე ამბობს, ისინი გვიან ღამით 12:00 საათზე აიყვანეს და სამხარეო პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს.    „აყვანისას ძალოვნებმა გვითხრეს:  „ოცნებობთ, ხომ ბიჭებო, კარგად გაოცნებებთო“, –განმარტავს გიორხელიძე.  

 „ქართული ოცნების“ წყალტუბოს შტაბის  წარმომადგენლები  შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი ბაბუნაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ. 

ავტორი: თეკლა მორგოშია