|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალები“ ქუთაისური ყრილობისთვის ხალხს დაშინებით აგროვებენ

ხვალ, 8 სექტემბერს, ქუთაისში  „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება, რისთვისაც მმართველი გუნდი საგანგებოდ ემზადება, აქტივისტებისათვის წითელი მაისურების დარიგებისა  თუ მათი ყრილობაზე მობილიზების კუთხით.

ქალაქის ქუჩებში კი  „ნაციონალების“ აქტივისტები, პარტიის მაისურებში, დროშებით გაფორმებული ავტოკოლონებით საზეიმო მსვლეობას დღის მეორე ნახევრიდან ამ დრომდე აწყობენ.

უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელ ღონისძიებაზე  ადგილობრივი „გულშემატკივრების“  გარდა, აქტივისტებს რაიონებიდანაც ელოდებიან.

რაიონებში აქტივისტების შეკრება გამგეობებს დაევალათ. ხოლო ყრილობისთვის საგანგებოდ შეკრებილი ხალხის ტრანსპორტირებას  მიკროავტობუსების საშუალებით სოფლების რწმუნებულები უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება  ქუთაისში  მხარდამჭერების მობილიზების საკითხს, მინიმუმ ხუთი კაცის  (მათი პირადი ნომრების მითითებით) შეგროვების  დავალება ადგილობრივ თვითმმართველობაში, ძალოვან სტრუქტურებსა და  სხვა დაწესებულებებში დასაქმებულმა  პირებმა  სამსახურის შენარჩუნების გარანტიით მიიღეს.

„ნაციონალების“ ყრილობა ქუთაისში,  ცენტრალურ მოედანზე,  მესხიშვილის  თეატრის წინ გაიმართება. აღნიშნულ ტერიტირიაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყეს სცენის მოწყობა. როგორც ცნობილია,  ღონისძიება 14:00 სააათზე დაიწყება. მას ქვეყნის პრეზიდენეტთან ერთად პარტიის ლიდერები დაესწრებიან.

მოსახლეობისათვის საარჩევნო პროგრამის წარდგენის გარდა,  „ნაციონალები“ იმერეთის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატებსაც დაასახელებენ.

ხვალ ასევე, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად საჯაროდ წარადგენენ  ქალაქის ყოფილ მერს გიორგი თევდორაძეს, რომელიც ამავდროულად, მმართველი გუნდის პარტიული  სიის მეხუთე ნომერია.

 „ნაციონალების“ ქუთაისური ყრილობისათვის ადგილობრივი ხელისუფლების  გარდა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მეეზოვეებიც,  რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მის  მიმდებარე ტერიტორიას გულმოდგინედ ასუფთავებენ.

შეგახსენებთ, რომ  „ნაციონალების“  ყრილობა, რომელიც ხვალ საქართველოს 11 ქალაქში გაიმართება, 1 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო ერთი კვირით გადაიდო.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე