პრემიერმა თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხელისუფლებასთან მეტი კომუნიკაცია დაავალა
პრემიერმა თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხელისუფლებასთან მეტი კომუნიკაციის დავალება მისცა. შესაბამისი მოწოდებით ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქის მერებს, რაიონების გამგებლებსა და რეგიონების გუბერნატორებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრაზე მიმართა.
"უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი პირადი კომფორტი, ოფისების რემონტი, ახალი ავეჯი და ყველაფერი გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა. წარმომადგენლობის ხარჯებზე სავარაუდოდ 20%, საწვავზე კი 30%-ით იქნება ხარჯი დაზოგილი. მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ძვირადღირებული მანქანების შეძენისგან, სამაგიეროდ, უნდა გავააქტიუროთ სოციალური პროექტები, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების და სოციალური შემწეობების მიმართულებით. ასევე მინდა განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ საზღვრისპირა და გამყოფი ხაზის რეგიონებში არსებულ გამოწვევებს. მოგიწოდებთ სამინისტროებთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მეტი კომუნიკაციისკენ პროექტების განხორციელების პროცესში", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გამგებლებსა და გუბერნატორებს.
ავტორი: ნიუპრესი