ყრილობაზე დასასწრებად ხალხს სპეციალურ საშვებს სთხოვენ
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე დასასწრებად ხალხს სპეციალური საშვებით უშვებენ. თუმცა, როგორც ირკვევა, დამზადებული საშვები ამოიწურა და აქტივისტთა ნაწილი მოედანზე შესვლას ვერ ახერხებს.
"კოორდინატორი ვარ. ხალხი მომაყვანინეს, მაგრამ ვერავის ვუშვებ. თუ არ ჭირდებოდათ ეს ხალხი, რას მაწვალებდნენ," – ამბობს ერთ–ერთი კოორდინატორი.
"მეტი სარგებელი ხალხს" – ასეთი წარწერით არის გაფორმებული საშვი, რომელსაც დღევანდელი რიცხვი და გადაკეტილ მოედანზე შემსვლელი პიროვების სახელი და გვარი ახლავს.
ადგილზე მისული მოსახლების ნაწილმა, რომელთაც უკვე მოასწრეს საშვის აღება, მოედანზე შეუშვეს. პარტიის აქტივისტთა ნაწილს კი საშვი გუშინ საჯარო სამსახურებში დაურიგეს.
ყრილობაზე დასასწრებად მისულ იმ პირებს, რომელთაც საშვის აღება ადგილზე ვერ მოასწრეს, გადაკეტილ მოედანზე შესვლის უფლებას პირადობის მოწმობის საშუალებით აძლევენ. ხოლო მათ, ვისაც არც საშვი ერგო და არც პირადობა აღმოაჩნდა თან, ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებენ.
"მთელი საათია შესვლას ველოდები. საშვს მთხოვენ და საშვი საიდან მოვიტანო. ხალხი რომ წავა და დაცარიელდება მოედანი, მერე ნახავენ ვის ჩაუტარებენ ყრილობას," – ამბობენ შეკრებილი აქტივისტები.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე