ენერგოომბუდსმენი იმერეთის ენერგოსექტორის მდგომარეობას გაეცნო
ქუთაისში სახალხო დამცველის ოფისში მომხმარებლის უფლებების
დაცვის დღესთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენმა 15 მარტის კვირეულის შემაჯამებელი
შეხვედრა გამართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის და ენერგოკომპანიების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე საზოგადოებისგან ენერგოსექტორში
არსებული პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
,,15 მარტი
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება
მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო წელს პირველად შეუერთდა ამ დღეს და გასული კვირა მომხმარებელთა
უფლებების დაცვის კვირეულად გამოაცხადა. კვირეულის ფარგლებში შეხვედრები გავმართეთ კახეთის
რეგიონში და თბილისში, საბოლოო შემაჯამებელი შეხვედრის გამართვა კი ქუთაისში გადავწყვიტეთ.
აღნიშნულ შეხვედრაზე გავეცანით იმერეთის რეგიონში არსებულ პრობლემებს და ვისაუბრეთ
მათი გადაჭრის გზებზე“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
აღნიშნული
კვირეულის ფარგლებში შეხვედრა იმერეთის გუბერნატორთან, გივი ჭიჭინაძესთან გაიმართა. შეხვედრაზე
მხარეებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სახალხო
დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ყველაზე მეტი პრეტენზია ს.ს. ,,ენერგო პრო ჯორჯოას“
მიმართ გამოითქვა და აღმოჩნდა, რომ იმერეთის რიგ სოფლებში არსებულ პრობლემებზე მათ
ინფორმაცია არ გააჩნიათ. ერთ-ერთ ასეთ პრობლემებზე მათ ,,ნიუპრესმაც“ მიაწოდა ინფორმაცია,
კერძოდ კი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში არსებული პრობლემის შესახებ, სადაც
მაღალი ძაბვის სადენები ხეებზე არის დამაგრებული, ხოლო მათთვის განკუთვნილი ახალი
ბოძები თითქმის ერთი წელია უპატრონოდაა დაყრილი.
ს.ს.
,,ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს აბონენტებთა ურთიერთობის სამსახურის უფროსის
სოფო ფუტკარაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა გამრიცხველიანების გრძელვადიან პროგრამას
უკავშირდება და ის 2015 წლის ბოლოსთვის სრულად აღმოიფხვრება.
ავტორი: გიგა გელხვიიძე