ირაკლი ღარიბაშვილი: ,,უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს აღმაშფოთებლად მიიჩნევს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი, რომელსაც სამწუხაროდ მოქალაქეებმა აგრესიით უპასუხეს.
„მე მესმის მათი შეშფოთების და გაბრაზების მიზეზი - ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ წინა ხელისუფლებას, დღესაც ბედავენ და იცავენ იმ მკვლელებს და სადისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აწიოკებდნენ სამეგრელოს რეგიონს. მაგრამ, მინდა მოვუწოდო ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ამგვარი ქმედებებით, მშვიდობიანი მოქალაქეები ხელს უწყობენ ისევ „ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურებას. ისინი ჩაგრულად მოაჩვენებენ თავს მთელს მსოფლიოს და ამით ქვეყანა ზარალდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა შს-ს მინისტრს მსგავსი პროვოკაციების აღკვეთისკენ მოუწოდა. მისთვის ასევე მიუღებელია მოსწავლეების მიყვანა დარბაზებში მსგავსი დოკუმენტური ფილმების სანახავად.
„არ მივესალმები დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას დარბაზებში, თუმცა, როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია და ადგილი ჰქონდა „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიყვანას. ამის მიუხედავად, არ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აგრესია, პროვოკაციები. ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მინდა, მივმართო მოსახლეობას - სახელმწიფო დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურთ, მათ მიუზღონ ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში. შეგახსენებთ, ჩემი მინისტრობისას აღმოვაჩინეთ ენით აღუწერელი სადისტური კადრები, ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ მოქალაქეებს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში. რა თქმა უნდა, მესმის მოსახლეობის, რომლებიც უყურებენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამომწვევ მოქმედებებს", - აღნიშნა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება დამშვიდდება.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა