|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, საკურთხევლის მოწყობისა და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

,,სამუშაოების ბოლო ეტაპს ვახორციელებთ. პატრიარქის ქადაგებამდეც სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო. ამჟამად, დასუფთავების სამუშაოები და კანკელის მოწყობა მიმდინარეობს. სრულდება სამუშაოები საკურთხეველშიც. მზად ვართ პატრიარქმა გვიკურთხოს ტაძარი“ - აღნიშნა ბაგრატის ტაძრის მშნებელ - რესტავრატორმა ზურაბ გედენიძემ.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას პოლიტიკურ ოპონენტებს 16 სექტემბერს ბაგრატის ტაძარზე ერთად მისვლისკენ მოუწოდა. ამ დღეს უწმინდესი და უნეტარესი ტაძარს გახსნის და აკურთხებს.

"მომავალ კვირას იხსნება ბაგრატის ტაძარი. მე ვიქნები იქ. შესრულდება წირვა-ლოცვა, კურთხევა ბაგრატის ტაძრისა. ამიტომ ყველას გიწვევთ იქ - პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს. მადლი ღვთისა ყველამ უნდა      მიიღოს ამ დიდი და მადლიანი ტაძრიდან", - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

პარტიარქის გადაწყვეტილება ბაგრატის ტაძრისთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭებად შეაფასა  ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ.

,,ერი და ბერი შეიკრიბება ამ დღეს. პატრიარქი შაბათს ჩამობრძანდება და კვირას მთელი ერი ერთად შეიკრიბება. დიდი მნიშვნელობა მისცა ამით პატრიარქმა ბაგრატის ტაძარს, რომელიც ერთიანეობის სიმბოლოა. რომელი თითც არ უნდა მოგვაჭრან, გვეტკინება. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ დღეს. ბაგრატის ტაძრის აღდგენა ჩემი ოცნება იყო“ - განაცხადა მეუფე კალისტრატემ.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძარი იუნესკომ საფრთხის წინაშე მდგომი მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება 2010 წლის 29 ივლისს, მსოფლიო მემკვიდერობის კომიტეტის სახდომაზე მიიღეს და ამის მიზეზად ბაგრატის ტაძრის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასახელდა.

11 საუკუნის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1994 წელს შეიყვანა.

იუნესკო ბაგრატის ტაძრის საკითხს 2013 წლის სესიაზე კიდევ ერთხელ განიხილავს. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე