საქართველოში ქალების მხოლოდ 6%–ია ჩართული პოლიტიკაში
„ჩვენ გვინდა გავზარდოთ ქალების როლი პოლიტიკაში. რომ
ქალებმა არჩევნებში მონაწილეობა მიღონ, არა მხოლოდ როგორც ამომრჩევლებმა, არამედ კანდიდატებმა.
ქალებს პოლიტიკაში დიდი როლის შესრულება შეუძლიათ,
თუმცა დღეს ისინი აქტიურად არ არიან წარმოდგენილი,“
– განაცხადა „ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა
ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნანა ჩოფლიანმა დღეს, ქუთაისში გამართულ მრგვალ მაგიდაზე.
მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გენდერი ქალი და არჩევნები“, იმერეთსა და ქუთაისში
არსებული გენდერული დისბალანსის გამოვლენასა და ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გააქტიურებას მიეძღვნა.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, პოლიტიკაში
გენდერული ბალანსის დაცვის კუთხით ინიციატივა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოიჩინონ,
წაახალისონ ქალები და სიებში რაც შეიძლება დიდი რაოდენობით წარმოადგინონ. რადგან ეუთოს მონაცემებით, საქართველოში ქალების მხოლოდ 6%–ია ჩართული პოლიტიკაში.
„საკმაოდ კარგი და აქტიური ქალები არიან დასაქმებული სხვადასხვა სფეროში. ვფიქრობ, დროა, რომ მათ პოლიტიკაში
გადაინაცვლონ და ხალხმაც მხარი დაუჭიროს ქალებს,“ – აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების“
ქუთაისის რეგიონულმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.
ქვეყანაში არსებული გენდერული დისბალანსის კვლევის მიზნით,
მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მცხეთა– მთიანეთში.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე