ეკა ბესელია:"მთავრობის იმპიჩმენტის საკითხს ვერ დასვამენ"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს.
ოპოზიციური პარტიის ამ ინიციატივას უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ეხმიანება. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის იმპიჩმენტის საკითხს ვერ დააყენებს და მათი პარლამენტში დაბრუნება სრული ილუზიაა.
„ვერ შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერც მთავრობის იმპიჩმენტის საკითხის რეალიზებას, ვერც დაბრუნებას ხელისუფლებაში და რაც არ უნდა აქციები აანონსონ და თავიანთი გეგმები გვამცნონ, ესენი არიან უკვე წარსულში. რიგგარეშე არჩევნების ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ეშინოდეს, რადგან მათი შანსები პარლამენტში შემოსვლის არის უკვე მხოლოდ და მხოლოდ ილუზია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად 60 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, შემდეგი ეტაპი კი პროცედურის ოფიციალურად დაწყებას ითვალისწინებს და ამისათვის 75 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.
ავტორი: ნიუპრესი