|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მოსახლეობა წყლის გაზრდილ ტარიფს უჩივის

ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეები წყლის გადასახადის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ. მოსახლეობის თქმით, ონკანიდან წყლის წამოსვლამდე, რამოდენიმე წუთის მანძილზე ჰაერი გამოდის. შესაბამისად, წყლის გადასახადის ,,გაბერილ“ რაოდენობას მოსახლეობა სწორედ ამ მიზეზით ხსნის.

,,რატომ მოდის ჯერ ჰაერი და შემდეგ წყალი? ამის მერე კი – გაზრდილი გადასახადი. ჩემი აზრით, ეს სულაც არ არის შემთხვევითი ფაქტი,“ – ამბობს ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის #77–ში მცხოვრები რეზო მახარაშვილი.

ანალოგიური პრობლემებზე, ქუთაისში თამარ მეფის ქუჩასა და ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებლებიც  საუბრობენ.

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ასა“–ში აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემა ქუთაისის მოქალაქეებს თითქმის ყველა უბანში აწუხებთ.

,,მსგავსი საჩივრით ჩვენთვის ბევრჯერ მოუმათავთ და ჩვენ ამ პრობლემის შესწავლის პროცესში ვართ. როდესაც ონკანიდან წყლის წამოსვლამდე ჰაერი გამოდის, ამ დროს წყლის მრიცხველი კი არ ტრიალებს, პირდაპირი მნიშვნელობით – „ბზრიალებს“. წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან ასეთი ქმედება მოქალაქების მიმართ ნამდვილი დანაშაულია, “– ამბობს ,,ასა“ –ს ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ შეუძლებელია ავტოქარხნის დასახლებაში ქსელში ჰაერის არსებობა. რადგან  მათივე ინფორმაციით, ავტოქარხნის დასახლება 24 საათიანი წყალმომარაგების რეჟიმზეა გადასული. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების პრეტენზიას, კომპანიაში აცხადებენ, რომ საკითხს მიმართვის შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილავენ.

,,ქუთაისის სერვის ცენტრში ფუნქციონირებს აბონენტთა მომსახურების სამსახური და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მომართოს სერვის ცენტრს, სადაც ინდივიდუალურად მოხდება პრობლემის განხილვა და საკითხის გადაჭრა,“ – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორი ლაშა გურგენიძე.

ავტორი: ანა ჯანაშია