|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მამუკა მღვდელაძე: „არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება გარემოვაჭრეებს გაიხსენებს“

 „ეს არის ხელისუფლების შერჩევითი დამოკიდებულება ბიზნესთან, რაც წვრილ და მცირე მეწარმეებს თანაბრად აზარალებს. ხელისუფლებას საარჩევნოდ ამ ადამიანების გულის მოგება და მათი  ხმები სჭირდება,  თუმცა არასწორი გათვლა გააკეთეს, რადგან ამგვარი პოლიტიკით  გაცილებით მეტი ადამიანი განაწყენებული რჩება,“ –   განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა მღვდელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 „მემარჯვენეებმა“ ბრიფინგი ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლთან“  იმ ტერიტორიაზე გამართეს, სადაც ამ ეტაპზე გარემოვაჭრეები იმყოფებიან. მამუკა მღვდელაძის თქმით, თუ პირველ ოქტომბრამდე ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში დასაქმებული მოვაჭრეები ზარალდებიან,  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,  ხელისუფლება გარემოვაჭრეებს გაიხსენებს და ისინი საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.

„ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა გარეთ ვაჭრობენ, 1 ოქტომბრის შემდეგ გაუსაღებელი საქონელი დარჩებათ, რაც მათ დაზარალებას გამოიწვევს. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიზნესი უნდა განვითარდეს საგადასახდო წნეხის შემცირებით, იაფი კრედიტებითა და სახელმწიფოს ხელშეწყობით. ხელისუფლებას კი ბიზნესის  მიმართ მავნე დამოკიდებულება ახსიათებს. მიაჩნია, რომ ბიზნესი უნდა  დააჯარიმოს და წაართვას, თუ მისი მომხრე არ არის,“ – ამბობს მამუკა მღვდელაძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე