საუბნო საარჩევნო კომისიები ქუთაისში სამუშაო საათებში „ისვენებენ“
უთაისში, საუბნო საარჩევნო კომისიების ნაწილი სამუშაო
საათებში დაკეტილია. შესაბამისად, ადგილზე არც საუბნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი
და არც მორიგე წევრები იმყოფებიან.
ქუთაისში, #60 საარჩევნო უბანი, რომელიც სამუშაო საათებში
უნდა ფუნქციონირებდეს, ადგილზე მისვლისას (11 სექტემბერი, 15:30 საათიდან–18:00 საათამდე) დაკეტილი დაგხვდა. #60 საარჩევნო უბანი ყოფილი #44 საჯარო სკოლის შენობაშია
განთავსებული.
როგორც საჯარო სკოლის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა განმარტეს, კომისიის თავმჯდომარეს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ამიტომ, იძულებული გახდა უბანი დაეკეტა.
#60 საარჩევნო უბნის მსგავსად, დაკეტილი აღმოჩნდა ქუთაისის
მწერალთა და ხელოვანთა სახლის შენობაში განთავსებული #39 საარჩევნო უბანი (11 სექტემბერი, 17:30 საათი). აღნიშნულ
შენობაში საარჩევნო ადმინისტრაციას ქორეოგრაფიული
სტუდიის ფართი უჭირავს. შესაბამისად, საარჩევნო უბანი და ქორეოგრაფიული სტუდია შეთავსებით
მუშაობენ.
„სტუდიის ხელმძღვანელი წავიდა და გასაღები წაიღო. თავმჯდომარეს შიგნით ჟურნალი დარჩა, მოვიდა, მაგრამ ვერ შევიდა,“ – ასე ხსნიან უბნის დროზე ადრე დახურვის მიზეზს შენობაში მყოფი პირები.
ზემოთაღნიშნული უბნების გარდა, სამუშაო საათებში (11
სექტემბერი 12:00 საათი) დაკეტილი აღმოჩნდა #55 საარჩევნო უბანი, რომელიც, კოლხეთის
ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის შენობაშია განთავსებული.
ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში დაკეტილ საარჩევნო უბნებთან
დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ. მათი თქმით, საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს,
მდივნებსა და წევრებს უბანზე ყოფნის ვალდებულება
10:00 საათიდან 18:00 საათამდე აქვთ, თუმცა ვიდრე საარჩევნო პროცესები გააქტიურდება,
შესაძლებელია უბანზე კომისიის მხოლოდ ერთი წევრი იმყოფებოდეს. კომისიის თავმჯდომარის
ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, მათ ინტერესებში
შედის საარჩევნ უბანი სამუშაო საათებში ღია იყოს.
„ეს აუცილებელი მოთხოვნაა ჩემი მხრიდან. გარდა ამისა, საოლქო კომისიის წევრები, რომლებიც კონკრეტულ უბნებს უწევენ კურატორობას, დადიან ადგილებზე და ამოწმებენ მათ. #55 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს უბანი კინოთეატრ „სულიკოს“ შენობაში გადადის, რადგან ობსერვატორიის შენობაში შესაბამისი პირობები არ არის. დანარჩენ უბნებში დროზე ადრე უბნის დახურვის ფაქტს კურატორები არ ადასტურებენ. მათი თქმით, უბნებზე კომისიის წევრები ყოველთვის არიან,“ - ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე