სოფლის პროგრამებს ზესტაფონში ამომრჩეველთა მოსასყიდად იყენებენ?!
„ზესტაფონში, სოფლის პროექტების განხორციელების პროცესში
ადგილი აქვს ფულის გათეთრებას,“ – ეს განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე „ახალი მემარჯვენების“
ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა
შავგულიძემ გაკეთა.
შავგულიძის თქმით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის
პროექტების განხორციელება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიგეგმა, თუმცა ხელისუფლებამ
სამუშაოები გააჭიანურა და მისი შესრულება მხოლოდ არჩევნების წინ დაიწყო. მაჟორიტარობის
კანდიდატის თქმით, სოფლის პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი ან შეუსრულებელი
დარჩა, ან კიდევ დაწყებული სამუშაო შეჩერდა. აღნიშნულის მაგალითად შავგულიძე სოფლების–
ქვედა საქარასა და არგვეთის თემებში გზის რეაბილიტაციას ასახელებს.
„ზესტაფონში სოფლის პროგრამებისათვის 1 მილიონ
144 089 ლარი გამოიყო. წინასაარჩევნოდ, ხალხის მოტყუების მიზნით, კოლოსალური თანხები
იხარჯება სოფლის გზების მოხრეშვაზე. მაგალითად, ქვედა საქარას თემში ამისთვის 24 378
ლარია გათვალისწინებული, არგვეთის თემში კი –15 660 ლარი. არავინ აკონტროლებს
შესრულებული სამუშაოების მოცულობას და ხარისხს. მაღალმთიანი სოფლების გზებზე შემოდგომაზე
დაყრილი ქვა–ღორღი გაზაფხულზე კვლავ გასაკეთებელი იქნება. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბიუჯეტიდან ფულს ათეთრებენ, რასაც ამომრჩევლის
მოსასყიდად და აგიტატორების დასაფინანსებლად იყენებენ,“ – ამბობს კახა შავგულიძე.
მაჟორიტარობის კანდიდატის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ მასხარაშვილი.
„ეს პროექტები წლის დასაწყისში იყო გაწერილი. ჯერ კიდევ თებერვლში ვიცოდით რომელ სოფელში რა უნდა გაკეთებულიყო და რა
თანხა ეკუთვნოდა. ვინ რას ამბობს არ ვიცი, მაგრამ ზესტაფონში საქმე კეთდება და ამას
ხალხი ხედავს,“ – ამბობს მერაბ მასხარაშვილი.
„ახალი მემარჯვენეების“ განცხადებით, ისინი ყურადღებით დააკვირდებიან ზესტაფონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას,
შეისწავლიან სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტებს და დეტალურ ინფორმაციას ამის შემდეგ
გაავრცელებენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე