|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ბაქრაძე: „უკან დაბრუნების ცდუნება არ უნდა გაგვიჩნდეს“

„მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ რას ვაკეთებთ ჩვენ მომავალში და საით მიგვყავს ქვეყანა. პრობლემის მოგვარება არის წინსვლაში. უნდა ვიაროთ წინ და უკან დაბრუნების ცდუნება არ უნდა გაგვიჩნდეს,“ - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მხარდამჭერებს შეხვდა. 
პარლამენტის თავმჯდომარის საუბრის ძირითადი აქცენტები ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობას შეეხებოდა. ბაქრაძის თქმით, საქართველოს პრობლემები იმ ადამიანებმა შეუქმნეს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველო უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე 10 წლის წინ იყო, თუმცა არ არის ის ქვეყანა, სადაც ქართველები სიამოვნებით იცხოვრებდნენ. 10 წლის წინანდელი და ამჟამიმდელი საქართველოს შორის არსებული განსხვავებების საილუსტრაციოდ ბაქრაძემ  მაგალითებიც მოიყვანა: "10 წლის წინ მე არ ვიყავი ჩართული პოლიტიკაში. ქვეყნის რიგით მოქალაქეს წარმოვადგენდი და მეც ის პრობლემები მაწუხებდა, რაც ყველას. ეს იყო უსამართლობა, კრიმინალი, კორუფცია, უშუქობა, დანგრეული გზები. დღეს ეს პრობლემები აღარ გვაწუხებს, თუმცა ისინი სხვა პრობლემებმა ჩაანაცვლა. ეს ასეც ხდება. როდესაც ერთ პრობლემას აგვარებ, მის ადგილს მეორე იკავებს. როდესაც საუბარია კრიმინალზე, ეს კრიმინალი იყო იმ პოლიციელების დამსახურება, რომლებიც ყოველი კვირის ბოლოს ქურდებთან ქეიფობდნენ.  დღეს, ეს ადამიანები კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფში არიან. ქვეყნის ინტერესი მოითხოვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას ჭამდნენ, იყვნენ წარსულში," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. 
პარლამენტის თავმჯდომარემ  შეხვედრის მონაწილეებს პარტიის მომავალი 4 წლის გეგმაც გააცნო. მისი თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა  280 000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. როგორც ბაქრაძემ განმარტა, სამუშაო ადგილები გზების, ინფრასტრუქტურისა და ახალი ჰესების მშენებლობამ უნდა მოიტანოს.  გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს იმ კალენდრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელშიც მთავრობის სამოქმედო გეგმა დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით არის გაწერილი.  
"მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ არჩევნებზე, ეს არ არის საჩუქარი, ეს არის ვალი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ეს კალენდარი არის  მძიმე  ვალდებულება, რომელსაც ჩვენ საკუთარ თავს ვაკისრებთ. ხალხს შეუძლია პასუხი მოსთხოვოს ხელისუფლებას, თუ ის ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს," - აღნიშნა დავით ბაქრაძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე