|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაქრაძე: „ქუთაისის საპარლამენტო სტატუსი არ ნიშნავს 200 კაცის დასაქმებას“

15 სექტემბერს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილ მხარდამჭერებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ქუთაისის ფუნქციაზე ისაუბრა. ბაქრაძის თქმით, საბჭოთა კავშირის დროს ქუთაისს სამრწველო ქალაქის სტატუსი ჰქონდა, თუმცა 90-იანი წლების შემდეგ ქალაქი აღნიშნული სტატუსის გარეშე დარჩა. დავით ბაქრაძის თქმით, ქუთაისისათვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მინიჭება არა მარტო ქუთაისის, არამედ იმერეთის რეგიონის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

„ 2-3 წლის წინ ქუთაისი საქართველოს ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან  მან დაკარგა ფუნქცია. აუცილებელია, ქუთაისს გაუჩნდეს განვითარების პერსპექტივა. როდესაც საუბარია პარლამენტის აქ გადმოტანაზე, ეს  გულისხმობს არა  მხოლოდ ერთი შენობის გადმოტანას, არამედ  ქალაქისათვის მთელი ფუნქციის გადმოცემას. ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის  სტატუსი არ  ნიშნავს პარლამენტის აპარატში  150 და 200 კაცის დასაქმებას.  აქ გაიხსნება ახალი სასტუმროები. უკვე გაიზარდა ბინების გაქირავების ფასები, რადგან დეპუტატებმა იციან, რომ აქ უნდა იქირაონ ბინა. ჯერ თქვენ ვერ გრძნობთ ვერც პარლამენტისა და ვერც აეროპორტის  სიკეთეს, რომელიც ქუთაისის განვითარების ძალიან დიდი ნაწილი იქნება“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე  დღეს, 15 სექტემბერს, ქუთაისის ოპერისა დაბალეტის თეატრში მხარდამჭერებს შეხვდა, რომელთაც მთავრობის 4-წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე