ქუთაისის საარჩევნო კომისიებში პოლიტიკურმა პარტიებმა წევრები გამოცვალეს
ქუთაისის საუბნო საარჩევნო კომისიებში პოლიტიკურმა პარტიებმა წარმომადგენლობები შეცვალეს. ოპოზიციური პარტიების მსგავსად, კომისიის წევრები „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეცვალა. კომისიების შემადგენლობებში ცვლილება შეეხო როგორც კომისიების წევრებს, ისე მდივნებს.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, რაც პარტიებს საარჩევნო ადმინისტრაციაში მათ მიერ წარმოდგენილ პირებთან მიმართებაში ცვლილების განხორციელების უფლებას აძლევს. ოსეფაიშვილის თქმით, ყველაზე მეტი ცვლილება „მრეწველებმა“ და „კონსერვატორებმა“ მოახდინეს, რომელთაც 37 საარჩევნო უბანზე მდივანი გამოცვალეს.
„ქუთაისში არსებული 127 უბნიდან ოპოზიციას მდივანი 94 უბანზე ჰყავს წარმოდგენილი. პარტიების ნაწილმა მდივნების პოზიციაზე მყოფი პირები გამოცვალა, ნაწილმა – კომისიების წევრები. მათ აქვთ ამის უფლება და კანონი არ ავალდებულებთ დაასაბუთონ, თუ რატომ განახორციელეს ამა თუ იმ კადრის ცვლილება. ცვლილების შედეგად მიღებული კომისიების შემადგენლობა უკვე საბოლოაა,“ – ამბობს ოსეფაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, 15 სექტემბერს ამოიწურა ვადა, რომლის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებს კომისიების შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა შეეძლოთ.ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე