|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„იცოდე ვის და რისთვის ირჩევ“

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საარჩევნო პროცესებში და მათი მუშაობის ეფექტურობა – ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში.

საიამ დღეს ტრენინგი დასავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გამართა. საიას ტრენერთა თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობა, კვალიფიციურობა  და ჟურნალისტთა მაღალი პროფესიონალიზმი ის მთავარი ბერკეტია, რომელიც არჩევნების სათანადოდ გაშუქების საფუძველის ქმნის. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი კენჭისყრის შედეგების სანდოობაზე მოახდენს გავლენას.

,,ჩვენ იმ რეგულაციებზე ვსაუბრობთ ჟურნალისტებთან, რომელიც მედიას წინასაარჩევნო პროცესებში ეკისრება. საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი  გამოთქვამს მზადყოფნას ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუწიოს  დახმარება და გააცნონ ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რა  მოვალეობები და კომპეტენციები აქვთ კენჭისყრის დროს,“ – განმარტა საიას ცენტრალური ოფისის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორმა ნათია კაპანაძემ.

როგორც ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, მათთვის შეხვედრაზე მოსმენილი ინფორმაცია ძალიან სასარგებლო იქნება არჩევნების დღეს.  ,,კანონში და საარჩევნო კოდექსში  ბევრი ცვლილებაა. მათი ცოდნა კი  ჟურნალისტისთვის აუცილებელია. მე მინახავს და გვაქვს კიდეც ბევრი კარგი კანონი, მაგრამ ეს კანონი არ ნიშნავს მის მოქმედებაში აღსრულებას.  მითუმეტეს მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო გარემო არათანაბარი და დაუბალანსებელია. თუმცა მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ კენჭისყრის დღეს ყველა სუბიექტი მოიქცევა კანონის ფარგლებში. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, ვიცოდეთ კანონი და ვიყოთ მართალი ინფორმაციის გაშუქების პროცესში“, – ამბობს ჟურნალისტი ზვიად  ხუჯაძე.

,,ჩვენ მოვიარეთ სხვადასხვა რეგიონი. შეხვედრებს იმის გამო ვმართავთ, რომ საზოგადოებას საარჩევნო გარემოს ირგვლივ მიეწოდოს ინფორმაცია. მათ უნდა იცოდნენ თავიანთი როლი და გარკვეული იყვნენ საარჩევნო სამართალში. წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია წარმომადგენლების  ინფორმირებულობა იმიტომაა საჭირო, რომ არ მოხდეს ისეთი დარღვევები, როგორიც წინა არჩევნებზე იყო“, – ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.

ტრენინგის მონაწილეებს ბროშურებიც დაურიგდათ. სახელმძღვანელო სახელწოდებით ,,იცოდე ვის და რისთვის ირჩევ“ საიას პროექტის სახელწოდების იდენტურია.

ავტორი: ანა ჯანაშია